საგამომცემლო პოლიტიკა
მუხლი 1. დოკუმენტის მიზანი
1.1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ჟურნალ „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის“ საგამომცემლო, სარედაქციო, ეთიკურ და რეცენზირების პოლიტიკას.
1.2. დოკუმენტი ადგენს ჟურნალის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, აგრეთვე ავტორთა, მთავარი რედაქტორის, დარგობრივი რედაქტორების, რეცენზენტებისა და სარედაქციო საბჭოს უფლებებსა და მოვალეობებს.
1.3. წინამდებარე დოკუმენტი სავალდებულოა ჟურნალის საგამომცემლო პროცესში ჩართული ყველა პირისთვის.
მუხლი 2. ჟურნალის მისია, მიზანი და ძირითადი პრინციპები
2.1. ჟურნალ „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის“ მისიაა სახელოვნებო მეცნიერებების — თეატროლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორიისა და თეორიის), მუსიკოლოგიისა და ქორეოლოგიის, აგრეთვე კულტურასთან დაკავშირებული მედიის კვლევების სფეროში მაღალი აკადემიური სტანდარტების დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამეცნიერო ცოდნის თავისუფალი გავრცელება.
2.2. ჟურნალი წარმოადგენს ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო შედეგების განვითარების, საერთაშორისო რეცენზირებისა და გამოქვეყნების პლატფორმას. მისი მიზანია კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევების სრულყოფა და საერთაშორისო სამეცნიერო სტატიებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა, აგრეთვე ხელოვნებისა და მედიის კვლევების სფეროში მაღალი აკადემიური სტანდარტების მქონე პუბლიკაციების გამოქვეყნება.
2.3. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების საფუძველზე შექმნილი ნაშრომები სამეცნიერო შეფასების, რეცენზირების, რედაქტირებისა და სრულყოფის შემდეგ ქვეყნდება სამეცნიერო სტატიების სახით.
2.4. ჟურნალი საქმიანობას წარმართავს შემდეგი პრინციპებით:
აკადემიური კეთილსინდისიერება, სამეცნიერო დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა, მიუკერძოებელი შეფასება, ავტორთა უფლებების დაცვა, ღია მეცნიერების (Open Science) მხარდაჭერა, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა და კვლევის შედეგების თავისუფალი ხელმისაწვდომობა.
მუხლი 3. სარედაქციო პოლიტიკა
3.1. ჟურნალი გამოდის თემატური ნომრების სახით. თითოეულ ნომერს აქვს ინდივიდუალური სათაური, რომელიც ასახავს შესაბამისი გამოცემის კონცეპტუალურ მიმართულებას.
3.2. ნომრის თემა განისაზღვრება სარედაქციო საბჭოს მიერ ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციის თემატიკისა და თანამედროვე სახელოვნებო მეცნიერებების აქტუალური კვლევითი მიმართულებების გათვალისწინებით.
3.3. ჟურნალში ქვეყნდება მხოლოდ ის სტატიები, რომლებიც შეესაბამება კონკრეტული ნომრის თემატურ კონცეფციას და აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და საგამომცემლო მოთხოვნებს.
3.4. ჟურნალი ოფიციალურად გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა სამეცნიერო სტატია ქვეყნდება სრულად ორივე ენაზე.
3.5. ქართველი ავტორები სტატიას რედაქციას წარუდგენენ ქართულ და ინგლისურ ენებზე. უცხოელი ავტორები სტატიას წარადგენენ ინგლისურ ენაზე, ხოლო მისი სრული თარგმანი ქართულ ენაზე ხორციელდება რედაქციის მიერ.
3.6. რედაქცია უზრუნველყოფს ორივე ენობრივი ვერსიის შინაარსობრივ იდენტურობას.
3.7. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება მხოლოდ ორიგინალური ნაშრომები, რომლებიც მანამდე არ გამოქვეყნებულა და არ განიხილება სხვა გამოცემაში.
3.8. სტატიის შინაარსზე, სამეცნიერო შედეგების სიზუსტესა და გამოყენებული წყაროების სანდოობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
მუხლი 4. სტატიის განხილვის, რედაქტირება-შეფასებისა და გამოქვეყნების პროცესი
ჟურნალში წარმოდგენილი თითოეული სტატია გადის მრავალსაფეხურიან სამეცნიერო, სარედაქციო და საგამომცემლო პროცესს.
4.1. სტატიის მიღება
სტატიას იღებს მთავარი რედაქტორი, რომელიც ამოწმებს სტატიის შესაბამისობას ჟურნალის პროფილსა და ფორმალურ მოთხოვნებთან და სტატიას ანიჭებს ინდივიდუალურ საიდენტიფიკაციო ნომერს.
4.2. პლაგიატის შემოწმება
4.2.1. ყველა წარმოდგენილი სტატია მოწმდება პლაგიატის გამოვლენის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფით.
4.2.2. პლაგიატის ანგარიში მიეწოდება მთავარ რედაქტორს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, განსახილველად გადასცემს მას შესაბამის დარგობრივ რედაქტორს. დარგობრივ რედაქტორი აფასებს გამოვლენილი მსგავსებების ხასიათსა და აკადემიურ დასაბუთებას.
4.2.3. აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სტატია მოიხსნება სარედაქციო პროცესიდან.
4.2.4. პლაგიატის შემოწმების დეტალური პროცედურა განსაზღვრულია რეგულაციით „პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების წესი“, რომელიც წარმოადგენს ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს.
4.3. სამეცნიერო შეფასება
4.3.1. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრები, რომლებიც ერთდროულად შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების დარგობრივი რედაქტორები არიან, მონაწილეობენ ჟურნალის სამეცნიერო შეფასების პროცესში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
4.3.2. თითოეულ სტატიას მთავარი რედაქტორი გადასცემს იმ დარგობრივი მიმართულების რედაქტორს, რომლის სამეცნიერო პროფილსა და კომპეტენციას შეესაბამება წარმოდგენილი კვლევა.
4.3.3. დარგობრივი რედაქტორი პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული სტატიის სამეცნიერო შეფასებასა და დარგობრივ რედაქტირებაზე. იგი:
– აფასებს ნაშრომის სამეცნიერო ხარისხს;
– განსაზღვრავს მის შესაბამისობას ჟურნალის პროფილსა და კონკრეტული ნომრის თემატიკასთან;
– ეცნობა პლაგიატის შემოწმების ანგარიშს (საჭიროების შემთხვევაში);
– ამზადებს წერილობით დასკვნას, შესაბამისი ფორმულარის მიხედვით;
– კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სტატიის სამეცნიერო რედაქტირებას, ამოწმებს კვლევის ლოგიკას, ტერმინოლოგიურ სიზუსტესა და გამოყენებული წყაროების შესაბამისობას;
– საჭიროების შემთხვევაში, ავტორთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სტატიის სამეცნიერო სრულყოფასა და გამოსაქვეყნებლად მომზადებას.
4.3.4. ჟურნალი ეტაპობრივად ავითარებს დამოუკიდებელ ფარულ რეცენზენტთა კორპუსს. წარმოდგენილი სტატიების ფარული რეცენზირება ხორციელდება შესაბამისი სამეცნიერო დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტების ხელმისაწვდომობისა და რეცენზირების პროცესის ორგანიზაციული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
4.4. ფარული რეცენზირება
4.4.1. მთავარი რედაქტორი სტატიიდან შლის ავტორის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ანიჭებს მას ანონიმურ ფორმას.
4.4.2. ანონიმიზებული სტატია ეგზავნება დამოუკიდებელ ფარულ რეცენზენტს. ფარული რეცენზენტი შეირჩევა შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების სპეციალისტთა წრიდან.
4.4.3. ფარული რეცენზენტი არ ფლობს ინფორმაციას ავტორის ვინაობის შესახებ.
4.4.4. ავტორს არ ეცნობება ფარული რეცენზენტის ვინაობა.
4.4.5. ფარული რეცენზენტების ვინაობა ცნობილია მხოლოდ მთავარი რედაქტორისთვის, რომელიც უზრუნველყოფს რეცენზირების პროცესის კონფიდენციალურობასა და მიუკერძოებლობას.
4.4.6. დარგობრივი რედაქტორისა და ფარული რეცენზენტის შეფასებების არსებითი განსხვავების შემთხვევაში მთავარი რედაქტორი ნიშნავს მესამე შემფასებელს – ფარულ რეცენზენტს.
4.5. სარედაქციო გადაწყვეტილება
4.5.1. სტატიის გამოქვეყნების, გადამუშავების ან გამოქვეყნებაზე უარის თქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი, დარგობრივი რედაქტორისა და რეცენზენტ(ებ)ის შეფასებების, პლაგიატის შემოწმების შედეგების, საგამომცემლო ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მოთხოვნების გათვალისწინებით.
4.6. სარედაქციო მომზადება
4.6.1. გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატია , მთავარი რედაქტორის კოორდინაციით, გადის:
ა) ქართული ტექსტის ტექნიკურ და ლიტერატურულ რედაქტირებას;
ბ) უცხოელი ავტორების სტატიების სრულ თარგმანს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ინგლისური ტექსტის აკადემიურ და ენობრივ რედაქტირებას;
დ) ჟურნალის დიზაინისა და ვიზუალური კონცეფციის შესაბამისად ტექნიკურ გაფორმებას;
ე) დაკაბადონებას;
ვ) საბოლოო სარედაქციო გადახედვას და გამოსაცემად დამტკიცებას.
4.7. გამოქვეყნება
4.7.1. ჟურნალისა და მასში გამოქვეყნებული თითოეული სტატიისთვის მინიჭებულია DOI (Digital Object Identifier).
4.7.2. ჟურნალი ქვეყნდება როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით.
მუხლი 5. ხელოვნური ინტელექტისა და პლაგიატის პრევენციის პოლიტიკა
5.1. ჟურნალი აღიარებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამეცნიერო საქმიანობის დამხმარე ინსტრუმენტის სახით, თუმცა იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ავტორად.
5.2. ავტორი ვალდებულია განაცხადოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფაქტი იმ შემთხვევებში, რომლებიც განსაზღვრულია ჟურნალის „ხელოვნური ინტელექტისა და პლაგიატის პრევენციის რეგულაციით“.
5.3. პლაგიატისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დეტალური წესები რეგულირდება მუხლში 4.2.4-შო გაწერილი მოთხოვნებით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6. საგამომცემლო ეთიკა
ჟურნალი ხელმძღვანელობს აკადემიური კეთილსინდისიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, კონფიდენციალურობისა და პროფესიული პასუხისმგებლობის პრინციპებით. საგამომცემლო პროცესში ჩართული ყველა პირი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე ეთიკური ნორმები.
6.1. ავტორის პასუხისმგებლობა
ავტორი ვალდებულია:
ა) წარმოადგინოს ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) კეთილსინდისიერად მიუთითოს გამოყენებული წყაროები და დაიცვას აკადემიური ციტირების წესები;
გ) არ წარადგინოს იგივე სტატია ერთდროულად სხვა სამეცნიერო გამოცემაში;
დ) დაიცვას აკადემიური ეთიკისა და საავტორო უფლებების ნორმები;
ე) მიუთითოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფაქტი, თუ იგი გამოყენებულია შესაბამისი რეგულაციის მიხედვით;
ვ) განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში.
6.2. მთავარი რედაქტორის პასუხისმგებლობა
მთავარი რედაქტორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკის დაცვა;
ბ) სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს სტატიათა შეფასებისა და რეცენზირების პროცესი;
გ) უზრუნველყოს ფარული რეცენზირების პროცესის კონფიდენციალურობა და სტატიათა ანონიმიზაცია;
დ) დაიცვას ავტორთა, დარგობრივ რედაქტორთა და რეცენზენტთა პროფესიული დამოუკიდებლობა;
ე) საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ სამეცნიერო ხარისხის, რეცენზენტებისა და დარგობრივი რედაქტორის დასკვნების საფუძველზე;
ვ) თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.
6.3. დარგობრივი რედაქტორის პასუხისმგებლობა
6.3.1. დარგობრივი რედაქტორი ვალდებულია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მისთვის გადაცემული სტატიის ობიექტური და პროფესიული სამეცნიერო შეფასება;
ბ) შეაფასოს ნაშრომის შესაბამისობა ჟურნალის პროფილსა და კონკრეტული ნომრის თემატიკასთან;
გ) განიხილოს პლაგიატის შემოწმების ანგარიში და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ მსგავსებებზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სტატიის სამეცნიერო რედაქტირება, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კვლევის მეთოდოლოგიას, ტერმინოლოგიურ სიზუსტეს, არგუმენტაციის თანმიმდევრულობასა და გამოყენებული წყაროების შესაბამისობას;
ე) ავტორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს სტატიის სამეცნიერო სრულყოფასა და გამოსაქვეყნებლად მომზადებას;
ვ) დაიცვას კონფიდენციალურობა და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.
6.4. ფარული რეცენზენტის პასუხისმგებლობა
6.4.1. ფარული რეცენზენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია;
ბ) მოამზადოს ობიექტური, დასაბუთებული და აკადემიურად არგუმენტირებული შეფასება;
გ) მიუთითოს ნაშრომის ძლიერი და სუსტი მხარეები და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაცია გაუწიოს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებას;
დ) ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მთავარ რედაქტორს და უარი თქვას რეცენზირებაზე;
ე) არ გამოიყენოს რეცენზირების პროცესში მიღებული ინფორმაცია პირადი ან პროფესიული სარგებლის მისაღებად.
მუხლი 7. საავტორო უფლებები და ლიცენზირების პოლიტიკა
7.1. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს.
7.2. სტატიის გამოქვეყნებით ავტორი ჟურნალს ანიჭებს მისი პირველი გამოქვეყნების არაექსკლუზიურ უფლებას.
7.3. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები ვრცელდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიით:
7.3.1. აღნიშნული ლიცენზია ნებისმიერ პირს აძლევს უფლებას წაიკითხოს, ჩამოტვირთოს, გააზიაროს, ციტირება მოახდინოს, გამოიყენოს და, საჭიროების შემთხვევაში, გადაამუშაოს სტატია, მათ შორის კომერციული მიზნებისთვისაც, იმ პირობით, რომ სათანადოდ იქნება მითითებული ავტორი და პირველადი გამოქვეყნების წყარო.
7.3.2. Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) წარმოადგენს საერთაშორისო ღია ლიცენზიას, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო ცოდნის თავისუფალ გავრცელებას, საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობასა და კვლევის შედეგების ფართო ხელმისაწვდომობას, ამავე დროს სრულად იცავს ავტორის საავტორო უფლებებს.
7.4. ვიზუალური მასალები
7.4.1. ავტორი პასუხისმგებელია სტატიაში გამოყენებული ყველა ვიზუალური მასალის მართლზომიერ გამოყენებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია მოიპოვოს მათი რეპროდუცირებისა და გამოქვეყნებისათვის აუცილებელი ნებართვები.
7.4.2. ვიზუალური მასალების გამოყენებისას ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის „ინსტრუქცია ავტორებისთვის“ განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა
8.1. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ნებისმიერი ფინანსური, პირადი, პროფესიული, ინსტიტუციური ან სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტორის, მთავარი რედაქტორის, დარგობრივი რედაქტორის ან ფარული რეცენზენტის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.
8.2. ავტორი, მთავარი რედაქტორი, დარგობრივი რედაქტორი და ფარული რეცენზენტი ვალდებულნი არიან, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ ამის შესახებ მთავარ რედაქტორს და თავი შეიკავონ ისეთი გადაწყვეტილების მიღების ან მოქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს შეფასებისა და საგამომცემლო პროცესის ობიექტურობა.
8.3. ავტორის, მთავარი რედაქტორისა და დარგობრივი რედაქტორის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტად შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის:
– ფინანსური დაინტერესება ან ფინანსური დამოკიდებულება;
– პირადი ან ახლო ნათესაური ურთიერთობა;
– ადმინისტრაციული დაქვემდებარება;
– მიმდინარე სამართლებრივი, პროფესიული ან ეთიკური დავა;
– ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროფესიული გადაწყვეტილების მიუკერძოებლობაზე.
8.4. ავტორთან სამეცნიერო ხელმძღვანელობის, აკადემიური თანამშრომლობის, ერთსა და იმავე სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის ფაქტი, თავისთავად, არ წარმოადგენს ინტერესთა კონფლიქტს მთავარი ან დარგობრივი რედაქტორისთვის, თუ არ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.
8.5. ფარული რეცენზენტი ვალდებულია უარი თქვას სტატიის რეცენზირებაზე, თუ რეცენზირების პროცესში, ნაშრომის შინაარსის, ციტირებული წყაროების, კვლევის სპეციფიკის ან სხვა გარემოების საფუძველზე ფარული რეცენზენტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამოიცნო ავტორი ან არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მთავარ რედაქტორს და უარი თქვას რეცენზირების გაგრძელებაზე.
8.6. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი. თუ ინტერესთა კონფლიქტი შეეხება მთავარ რედაქტორს, საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის სარედაქციო საბჭო.
მუხლი 9. სტატიის შესწორებისა და უკან გაწვევის პოლიტიკა
9.1. გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვანი შეცდომის, პლაგიატის ან აკადემიური ეთიკის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია:
ა) გამოაქვეყნოს შესწორება (Correction/Erratum);
ბ) გამოაქვეყნოს ავტორის განმარტება;
გ) უკან გაიწვიოს (Retraction) სტატია.
მუხლი 10. ღია წვდომისა და გამოქვეყნების საფასურის პოლიტიკა
10.1. ჟურნალი წარმოადგენს ღია წვდომის (Open Access) სამეცნიერო გამოცემას.
10.2. ყველა სტატია მკითხველისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომია.
10.3. სტატიების წარმოდგენა, რეცენზირება, თარგმნა, რედაქტირება და გამოქვეყნება ავტორებისთვის სრულიად უფასოა.
მუხლი 11. არქივირების პოლიტიკა
11.1. ჟურნალის ელექტრონული ვერსიები ინახება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
11.2. ბეჭდური გამოცემები ინახება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა შესაბამის ბიბლიოთეკებს.
11.3. რედაქცია უზრუნველყოფს გამოქვეყნებული ნომრების ხელმისაწვდომობასა და დაცვას უნივერსიტეტის ელექტრონულ რესურსებში.
11.4. ჟურნალი ეტაპობრივად მუშაობს საერთაშორისო ციფრული არქივირების სისტემებთან ინტეგრაციის მიმართულებით.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს ჟურნალ „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის“ საგამომცემლო, სარედაქციო, რეცენზირების, ეთიკისა და ღია წვდომის ძირითად პრინციპებს.
12.2. წინამდებარე პოლიტიკის პროექტს განიხილავს და რეკომენდაციას აძლევს ჟურნალის სარედაქციო საბჭო.
12.3. ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკას, აგრეთვე მასში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს, განიხილავს და ამტკიცებს ჟურნალის სარედაქციო საბჭო.
12.4. სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, საერთაშორისო საგამომცემლო სტანდარტების, აკადემიური ეთიკის მოთხოვნებისა და ჟურნალის განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ინიცირება გაუწიოს წინამდებარე პოლიტიკის გადასინჯვას, ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.
12.5. ცვლილებები ძალაში შედის სარედაქციო საბჭოს მიერ მათი დამტკიცების დღიდან.
განხილულია და დამტკიცებულია
ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მიერ
12.08.2026
დანართები:
დანართი 1. დარგობრივი რედაქტორის შეფასების ფორმა
დანართი 2. ფარული რეცენზენტის შეფასების ფორმა
დანართი 3. „პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების წესი“